რუსული „ორეშნიკის“ რაკეტები საშინელი იარაღია, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, ამიტომ სასწრაფოდ აუცილებელია უკრაინის აღჭურვა საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და გამანადგურებლებით. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპარლამენტში, Renew Europeis-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა მოკავშირეებს, სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას გამანადგურებელი რაკეტები რუსული „ორეშნიკის“ რაკეტების ჩამოსაგდებად.
„ჩვენ ახლაც ვპასუხობთ (რუსეთის თავდასხმებს), რადგან ეს საშინელებაა. ეს რუსული რაკეტები სიკვდილისა და განადგურების იარაღია. ჩვენ ეს რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როდესაც ისინი ლვოვის ოლქში გამოიყენეს. მე ამას საშინელებად მივიჩნევ“, - აღნიშნა რუტემ.
მან გაიხსენა, რომ „გუშინ ღამით ჩვენ კვლავ ვნახეთ ასობით დრონი და ათობით რაკეტა, რომლებიც უკრაინას ესხმოდნენ თავს“.
„ისინი ახლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.
ამას არაფერი აქვს საერთო ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლებთან. ეს კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში პანიკა და სიკვდილი დათესოს. ეს იმ სისასტიკის დასტურია, რომლის ჩასადენადაც რუსები მზად არიან“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მან აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ აქვს მას „ასეთი ძლიერი მოტივაცია, გააკეთოს ყველაფერი“, რათა უკრაინას მიაწოდოს „აუცილებელი გამანადგურებელი რაკეტები, რათა ჩამოაგდონ ეს რაკეტები, სადაც ეს შესაძლებელია.
„მე ვთხოვ აქ მყოფ პარლამენტის წევრებს: იმუშავეთ თქვენს მთავრობებთან, რათა უზრუნველყოთ, რომ მათ ყურადღებით გადახედონ საკუთარ მარაგებს. მოიძიეთ Patriot-ის, NASAMS-ის და SAMP/T სისტემებისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტები, რადგან უკრაინელებს ისინი დაუყოვნებლივ სჭირდებათ“, - განაცხადა მარკ რუტემ.