ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ მილიარდ დოლარს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილმა არ უნდა მოუსმინოს ხელქვეითებს, რომლებიც მას ატყუებენ.
მისივე თქმით, სრულიად რეალისტურია, რომ "ოცნების" დამფუძნებელს მართლაც დაუწესდეს ბრიტანული ფინანსური სანქციები.
"ლონდონის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მისთვის მინიჭებული 607 მლნ დოლარის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, რაც ჩანს იმ განცხადებებში, რომელიც მისმა ადვოკატმა გააკეთა. ის ამ თანხას ვერ იღებს სინამდვილეში ეს არის ივანიშვილსი ბოლოდროინდელი გავეშების მიზეზი.
ახლა სად ატყუებენ მას - რიგ შემთხვევაში არაინფორმირებული და ბეცი, რიგ შემთხვევაში კი გაუბედავი და მხდალი ქოცი ხელქვეითები. მას ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ ის თუ ცოცხალ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს და პოლიტპატიმრების აყვანით, მას შეუძლია დაიბრუნოს მისი კუთვნილი მილიარდი დოლარი.
სრულიად რეალისტურია, რომ მას დაუწესდეს ბრიტანული ფინანსური სანქციები, რაც ყველა რუსმა ოლიგარქმა იცის, რომ ნამდვილი წყევლაა და რომლის გვერდის ავლა სრულიად შეუძლებელია, ამერიკული სანქციები თეორიულად რომც მოიხსნას. მეტიც, ამგვარი გადაწყვეტილება უფრო დააჩქარებს ბრიტანულ სანქციებს.
ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს. ეს უნდა შეიმეცნოს, დაიჯეროს, არ უნდა მოუსმინოს გაუბედავ, უმეცარ რუს-ქოც ხელქვეითებს, რომლებიც მას ატყუებენ. უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ჯიჯგნა მილიარდი დოლარის დასაბრუნებლად. ამისთვის არსებობს კონკრეტული გზა და მოქმედებები, რომელიც შეუძლია გადადგას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.