ENG / RUS       12+

კახა კაციტაძე: რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე დიდია

რესპოდენტის შესახებ

რუსეთის ფედერაცია საქართველოს საზღვრებთან და მის კონფლიქტურ რეგიონებში სამხედროთა რაოდენობას ზრდის. აფხაზეთიდან დაწყებული, ყვარლის მოსაზღვრე ტერიტორიებამდე, ყველა სტრატეგიული სიმაღლე რუსული ჯარის ნაწილებს აქვთ დაკავებული. ამ სიმაღლებს შორის არის ბზიფის, ქლუხორის, აილამას, ასას, არღუმის, ბეშქას, სუარგომის ხეობები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ მოსკოვში სულ უფრო და უფრო მყარდება აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება და მისი მფარველები რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას კვლავ აპირებენ. ქართველი და უცხოელი ექსპერტები რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს არ გამორიცხავენ. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" ექსპერტს სამხედრო საკითხებში კახა კაციტაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან განმეორებითი საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე საკმაოდ დიდია.
_ ბ-ნო კახა, რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განახლების შესაძლებლობა?

_ რუსეთის მხრიდან განმეორებითი საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე საკმაოდ დიდია. შეშფოთებული ვარ ბოლო დროს რუსეთის პოლიტიკური წრეებისა და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომლებიც თანდათან სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. ამასთან ერთად, ყოველივეს ძალიან უწყობს ხელს ორი ფაქტორი _ დაძაბული შიდაპოლიტკური მდგომარეობა რუსეთში და საქართველოს ხელისუფლების უგუნურება.

_ ხელისუფლების უგუნურებაში რას გულისხმობთ?

_ მან თავისი მოქმედებებით მოახერხა ის, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოება გახლიჩა და მათ შორის უზარმაზარი უფსკრული გააჩინა. ტერმინ "მიშა მაგარიას" მეორე მხარეც აქვს და გაგრძელებაც _ "მიშა მაგარია საქართველოს დაშლის ხარჯზე".

ისეთ დაქსაქსულ და დასუსტებულ მდგომარეობაში, როგორშიც საქართველო დღეს არის, იგი არასოდეს არ ყოფილა, ამიტომაც თუ ხელისუფლება გონს არ მოვიდა და ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე ადეკვატური ნაბიჯები არ გადადგა, მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო იქნება. დასუსტებული და არაკოსოლიდირებული ერი ისეთ აგრესორს, როგორიც რუსეთია, წინააღმდეგობას ვერაფრით გაუწევს.

_ გამოსავალი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევაშია?

_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უახლოეს მომავალში, უკვე მიმდინარე ზაფხულს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, დიმიტრი მედვედევისა და ბარაკ ობამას შეხვედრა იგეგმება.

ობამა და მედვედევი, სავარაუდოდ, მოსკოვში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ალბათ, იქ აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკების დროს უნდა მოახერხოს, რომ საქართველოს წინაშე ამჟამად მდგარი საფრთხე როგორმე გაანეიტრალოს.


_ თქვენ ამბობთ, რომ არაკოსოლიდირებულ ერს მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტიც _ თავისი შეიარაღებით რამდენად შეუძლია საქართველოს წინააღმდეგობის გაწევა.

_ არავისთვის არ არის დასამალი, რომ დღეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის არავითარი რესურსი არ გააჩნია. ტენიკის უდიდესი ნაწილი წაგვართვეს, რაც გვაქვს, არ ვარგა, გაანადგურეს ყველაფერი, რისი განადგურებაც შეიძლებოდა. მოსპეს ინფრასტრუქტურა, მთლიანად გაანადგურეს ფლოტი.

სხვათა შორის, ამის გამო არავინ დასჯილა, პირიქით, ორდენებით დააჯიდოვეს ზოგიერთი და მადლობაც გადაუხადეს. საკადრო ოფიცრების 80 % დათხოვილია. ასეთ პირობებში, ვშიშობ, არც სამოქალაქო წინააღმდეგობა იქნება ძალიან დიდი, მდგომარეობის უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაში, პირიქით, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მიესალმებიან კიდეც რუსეთის შემოსვლას საქართველოში.

_ გამოსავალს რაში ხედავთ?

_ თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგო, საზოგადოებასთან დიალოგი არ დაიწყო და მის კონსოლიდირებას ხელი არ შეუწყო, რაც მოუვა, თავის თავს დააბრალოს. საერთოდ ნებისმიერი ადამიანი რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს იგი, როდესაც სტრატეგიული დაგეგმარებაზე მუშაობს უარესი სცენარისათვის უნდა ემზადოს. სად იყო სტრატეგიული დაგემარება გასული წლის აგვისტოში? მაშინ, როდესაც შესაძლო საფრთხეებში კი არ ყოფილა შეტანილი რუსეთთან ომის შესაძლებლობა.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკა მომცელიძე

 

ავტორი: . .