რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი უეკიპაჟო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ გამოსცადა.
პუტინის თქმით, გამოცდის დროს „პოსეიდონის“ ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი წარმატებით ამუშავდა და აპარატი „გარკვეული დროის განმავლობაში მოქმედებდა“. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ბირთვული დანადგარით აღჭურვილ აპარატს უნიკალური სიჩქარითა და სიღრმეში შეუძლია მოძრაობა.
„გარდა ყველა იმ უპირატესობისა, რომლებზეც რაკეტა „ბურევესტნიკის“ შემთხვევაში ვსაუბრობდი, აქაც მინიმალური ზომებია, ბირთვული რეაქტორი 100-ჯერ პატარაა, ვიდრე წყალქვეშა ნავზე. სამაგიეროდ, „პოსეიდონის“ სიმძლავრე მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენი ყველაზე პერსპექტიული შორი მანძილის საკონტინენტთაშორისო რაკეტის, „სარმატის“, სიმძლავრეს. ასეთი იარაღი მსოფლიოში არ არსებობს“, – თქვა პუტინმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვული ძრავის მქონე ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელიც, მოსკოვის მტკიცებით, ნებისმიერი თავდაცვითი ფარის გარღვევას შეძლებს.