უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა და მრჩეველმა ბალაშ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი ცდილობს ჩეხეთის რესპუბლიკასთან და სლოვაკეთთან გაერთიანებას ევროკავშირში ანტიუკრაინული ალიანსის შესაქმნელად. ამის შესახებ Politico იუწყება.
„ორბანი იმედოვნებს, რომ ანდრეი ბაბიშთან, რომლის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთად გაერთიანდება, რათა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრების წინ, მათ შორის სამიტამდე შეხვედრების გამართვამდე, პოზიციებზე შეთანხმდნენ,“ - განაცხადა ბალაშ ორბანმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ძლიერი პოლიტიკური ალიანსის შექმნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა მისმა ფორმირებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაწევის კუთხით.
„ვფიქრობ, ეს მოხდება - და ეს სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება“, - განაცხადა ბალაშ ორბანმა, როდესაც მას უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ალიანსის შექმნის შესაძლებლობაზე ჰკითხეს, რომელიც ევროპის საბჭოში ბლოკის სახით უნდა ჩამოყალიბდეს.
ორბანის წარმომადგენლის თქმით, ეს ე.წ. „ვიშეგრადის ოთხეულის“ განახლება იქნება, რომელშიც შედიოდნენ უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი, როდესაც 2015 წლის შემდეგ ვარშავაში ხელისუფლებაში ევროსკეპტიკური პარტია იყო.