რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე, ჩაატარა ბირთვული ძრავით აღჭურვილი შეუზღუდავი მანძილის ფრთოსანი რაკეტის - "ბურევესტნიკის" - გამოცდა. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, ამ კვირაში შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს სტრატეგიული შეტევითი ძალების სწავლება, რომლის დროსაც განხორციელდა სტრატეგიული ბირთვული ძალების სამივე კომპონენტის საბრძოლო მომზადების გაშვება და გამოიცადა მოწინავე იარაღის მოდელები.
პუტინმა "ბურევესტნიკს" უნიკალური უწოდა.
"ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც მსოფლიოში სხვას არ გააჩნია. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ შესაძლო გამოყენება და დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მომზადება ამ იარაღის შეიარაღებულ ძალებში განსათავსებლად", - განაცხადა მან, რასაც გერასიმოვმა თანხმობით უპასუხა.
გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ რაკეტა "ბურევესტნიკი" 21 ოქტომბერს გამოსცადეს, მან 14 000 კმ გაიარა და ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში დაჰყო.
"რაკეტის ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას იძლევა, რომ ის ნებისმიერ მანძილზე მაღალი სიზუსტით იქნას გამოყენებული მაღალი დაცვის სამიზნეების წინააღმდეგ", - დასძინა გერასიმოვმა.
"ბურევესტნიკის" სატესტო გაშვებასთან დაკავშირებით, დასავლეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან ოფიციალური დადასტურება ან კომენტარი ჯერჯერობით არ არსებობს.
"ბურევესტნიკის“ რაკეტა, რომელსაც ნატო Skyfall-ს უწოდებს, 10 წელზე მეტია, რაც შემუშავების პროცესშია. რუსეთის სამხედროები აცხადებენ, რომ ის ძრავში ინტეგრირებული პატარა ბირთვული რეაქტორით მუშაობს, რაც თეორიულად საშუალებას აძლევს მას რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერში დარჩეს.
"ვაშინგტონის ბირთვული საფრთხის ინიციატივის" 2019 წლის ანგარიშის თანახმად, Skyfall "ატარებს ბირთვულ ქობინს, შეუძლია დაბალ სიმაღლეზე დედამიწის შემოვლა, ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემების თავიდან არიდება და რელიეფთან ადაპტირება, რის შემდეგაც მოახდენს ქობინის ჩამოგდებას რთულად პროგნოზირებად ადგილზე".
რუსეთის პრეზიდენტმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის "ბურევესტნიკის" შემუშავების შესახებ პირველად 2018 წელს განაცხადა. „ბირთვული საფრთხის ინიციატივის“ მონაცემებით, 2017-2019 წლებში რუსეთმა მინიმუმ 13 გამოცდა ჩაატარა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო ნაწილობრივ წარმატებული.
2019 წლის აგვისტოში, არხანგელსკის რეგიონში, სევეროდვინსკის მახლობლად, საცდელ პოლიგონზე აფეთქება მოხდა, რასაც "როსატომისა" და თავდაცვის სამინისტროს შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მოგვიანებით აღიარა, რომ ინციდენტი რადიაციის წყაროსთან დაკავშირებულ ობიექტზე მოხდა.
2023 წლის ოქტომბერში პუტინმა "ბურევესტნიკის" რაკეტის "საბოლოო წარმატებული გამოცდის" შესახებ განაცხადა. იმ დროს, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ნოვაია ზემლიაზე, პანკოვოს საცდელ პოლიგონზე ახალი გაშვებისთვის ემზადებოდა. 2025 წლის ზაფხულში დამოუკიდებელმა მკვლევარებმა კვლავ დააფიქსირეს იმავე ობიექტზე ტესტირებისთვის მზადების ნიშნები.