ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“, პარასკევს, 17 ოქტომბერს საღამოს, ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა.
ამის შესახებ სააგენტო AFP ისრაელის არმიაზე დაყრდნობით იტყობინება.
ცხედარი როგორც წინა შემთხვევებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლების მეშვეობით გადაასვენეს.
მათ, თავის მხრივ, ნეშტი გადასცეს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც ამჟამად ღაზის სექტორში რჩებიან.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, რომელმაც რეგიონში ისრაელის სამხედრო ოპერაციები დაასრულა, „ჰამასმა“ არა მხოლოდ 20 გადარჩენილი მძევალი უნდა დააბრუნოს, არამედ 28 დაღუპულის ცხედარიც უნდა გადასცეს.
„ჰამასმა“ 20-ვე გადარჩენილი მძევალი ისრაელს უკვე გადასცა. 28 ცხედრის დასაბრუნებლად სამი დღე იყო გამოყოფილი, თუმცა ისრაელმა ჯერჯერობით მხოლოდ ცხრა ცხედარი მიიღო.
ამავდროულად, „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთანხმების პირობები „შესრულებულია“ და დარჩენილი ცხედრების ამოსასვენებლად „სპეციალური აღჭურვილობაა“ საჭირო.