ნატო-ს წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტმა უკვე აიღო ვალდებულება, რომ [უკრაინისთვის პრიორიტეტული საჭიროებების სია] PURL-ის ინიციატივის ფარგლებში ამერიკული იარაღის შესაძენად ფინანსური წვლილი შეიტანოს.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუტემ აღნიშნა, რომ დღეს თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს თავდაცვაში ინვესტიციების ზრდა, აძლიერებენ თავდაცვის წარმოებას და აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას.
მან თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოება ალიანსის ქვეყნების უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერაშიც აისახება.
„მოკავშირეების დაფინანსების წყალობით, ჩვენ PURL-ის მეშვეობით უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან ამერიკულ იარაღს ვაწვდით.
„ინიციატივა უკრაინას ამარაგებს ამერიკული იარაღით, რომელიც მას ნამდვილად სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად და ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა რუტემ.
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, თავდაპირველად ნატო-ს ექვსმა წევრმა ქვეყანამ შეიტანა წვლილი PURL ინიციატივაში, რათა დაეფინანსებინათ პირველი შეიარაღების პაკეტების შესყიდვა.
ამ ქვეყნებს შორისაა ნიდერლანდები, გერმანია, კანადა, შვედეთი, ნორვეგია და დანია.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ, როგორ აცხადებდნენ მოკავშირეები ერთმანეთის მიყოლებით ახალ შენატანებს. მოკავშირეების ნახევარზე მეტი შეუერთდა უკრაინისთვის მხარდაჭერის ამ მნიშვნელოვანი ნაკადის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა რუტემ.
მან დაადასტურა, რომ უკრაინის მხარდაჭერა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
როგორც რუტემ დასძინა, არსებობს უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სია, მაგრამ მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია საჭირო სისტემების მიწოდება. მისი თქმით,PURL-ს 16-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა.