აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორში კონფლიქტის დასრულების შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე ელაპარაკა.
ტრამპმა დასძინა, რომ მისთვის დიდი პატივია რეგიონში სამშვიდობო პროცესში ჩართვა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამის ნაწილი ვარ. ჩვენ საოცარ დროს გავატარებთ - ეს იქნება ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს მომხდარა,“ თქვა ტრამპმა
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში ახალი ადმინისტრაცია ძალიან სწრაფად დაიწყებს მუშაობას.
მისი თქმით, შეიქმნება სპეციალური „სამშვიდობო საბჭო“.
„ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდება, ყველას სურს, იყოს მისი ნაწილი. საუბარია სამშვიდობო საბჭოზე, ყველა ლიდერი, ყველა მათგანი მინდა, იყოს ამის ნაწილი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მან უკვე იცის, ვინ იქნებიან საბჭოს წევრები, თუმცა ჟურნალისტებს კონკრეტული პირები არ დაუსახელა.
მისი თქმით, ღაზის აღდგენა „თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყება“, თუმცა ტერიტორიის სრულად რეაბილიტაციას წლები დასჭირდება.
„ერთი წელი ძალიან მოკლე ვადაა, მაგრამ წლების განმავლობაში ძალიან კარგი ადგილი იქნება. ეს იქნება პირველი შანსი საუკუნეების განმავლობაში, რომ იქ მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა გაიმეორა, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმის გარეშე, ღაზის შეთანხმება ვერ შედგებოდა.