აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ “ჰამასი” მზადაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის და მოუწოდა ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა, რათა მძევლები უსაფრთხოდ გაათავისუფლონ.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ჰამასის” მიერ ახლახან გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, მე მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა, რათა ჩვენ შევძლოთ მძევლების უსაფრთხოდ და სწრაფად გათავისუფლება! ახლა ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა. ჩვენ უკვე ვმსჯელობთ დეტალებზე, რომლებიც უნდა დაზუსტდეს. ეს მხოლოდ ღაზას არ ეხება, არამედ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას, რომელსაც დიდ ხანს ველოდით,“ - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ყველა ერთიანი იყო ამ ომის დასრულებისა და მშვიდობის მიღწევის სურვილში
„ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა. შესაძლოა, მრავალმხრივ უპრეცედენტოც. მადლობა ყველა თქვენგანს და იმ ქვეყნებს, ვინც დაგვეხმარა. უზარმაზარი დახმარება გაგვიწიეს. ყველა ერთიანი იყო ამ ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის სურვილში, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამასთან. მადლობა ყველას და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით“, – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ამასთან, „ჰამასში“ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ძირითადად ეთანხმებიან, თუმცა გეგმის გარკვეული მოთხოვნები არარეალისტურია.