ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც დაფინანსებულია ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პროტესტის დაფინანსების სქემასა და ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარებას უკავშირდება, სადაც მთავარ როლში გიული ალასანიას უნივერსიტეტია.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უცხოური სპეცსამსახურების სქემა.
„ამაზე ჩვენ მანამდე ღიად არ ვსაუბრობდით, თუმცა ახლა შეგვიძლია უკვე თამამად და ღიად ვისაუბროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გასაკვირი ისიც არ არის, რომ ამ უნივერსიტეტში, თავის დროზე 1 ლარად მითვისებულ უნივერსიტეტში ხორციელდება ასეთი გეგმები. გახსოვთ, რომ თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მიითვისა 1 ლარად უნივერსიტეტი, რაც იყო თავისი არსით, თავისი შინაარსით კრიმინალური ქმედება. არ გვიკვირს, რომ ამ უნივერსიტეტში ხორციელდება ეს ყველაფერი. ეს არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელსაც წარმატებით განხორციელება არ უწერია. ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა, მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას. განსაკუთრებით, ყველა უნდა მოერიდოს ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობას.როდესაც წინა აქციებში მონაწილეობდნენ კონკრეტული ადამიანები ძალადობრივ ქმედებებში, მათ შეეფარდათ 2 წლით და მეტი თავისუფლების აღკვეთა. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც დაფინანსებულია ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ. თქვენ ნახეთ, უცხოური სპეცსამსახურების ასეთმა სქემამ რა მდგომაროებამდე მიიყვანა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა, რომელიც დღეს არის თავიდან ბოლომდე ჩამოქცეული, როგორც სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.