მე ვერ ვიმკითხავებ, ყავაში ვერ ჩავიხედავ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ნებისმიერ დროს მზად ვართ, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ელოდება მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისგან სატელეფონო ზარს, რათა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების საკითხზე ესაუბროს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვა არის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი.
„ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ. პირადად მე მაქვს არაერთხელ საჯარო განცხადება გაკეთებული. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, გაერო-ში ყოფნისას მან აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების დროა. რაზეც მისივე ინფორმაციით, დონალდ ტრამპი დამპირდა, რომ ამ საკითხს დაუბრუნდება და დაუკავშირდება.