აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ყველა შანსი, დაიბრუნოს თავისი ტერიტორია თავდაპირველი საზღვრების ფარგლებში.
„"უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური სიტუაციის სრულად გაცნობისა და გააზრების, ასევე იმ ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ, რასაც ეს რუსეთს უქმნის, ვფიქრობ, რომ უკრაინა იმყოფება ისეთ პოზიციაში, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, შეუძლია იბრძოლოს და მთელი უკრაინა თავდაპირველი სახით დაიბრუნოს.
ევროპის, კერძოდ კი ნატო-ს ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, იმ თავდაპირველი საზღვრების აღდგენა, საიდანაც ეს ომი დაიწყო, სრულიად შესაძლებელია. რატომაც არა?“ - დაწერა მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამწელიწად-ნახევარია უკრაინის წინააღმდეგ უაზრო ომს აწარმოებს.
„რუსეთი 3,5 წელია უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა. ეს რუსეთის ძალას კი არ უსვამს ხაზს, არამედ პირიქით - მას "ქაღალდის ვეფხვად" წარმოაჩენს.
როდესაც მოსკოვში, დიდ ქალაქებში, პატარა დასახლებებსა და მთელ რუსეთში მცხოვრები ადამიანები გაიგებენ, რა ხდება რეალურად: რომ გრძელი რიგების გამო თითქმის შეუძლებელია საწვავის მიღება და რომ ომის ეკონომიკაში მათი ფული თითქმის სრულად იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ მათთვის სიტუაცია უფრო თვალსაჩინო გახდება”, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი უზარმაზარ ეკონომიკურ სირთულეებს აწყდება. ის მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინისთვის მოქმედების დროა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-სთვის იარაღის მიწოდებას, რათა ნატო-მ ის გააკეთოს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.