აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს 15 აგვისტოს ვლადიმირ პუტინს ალასკის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა და რუსეთის ავიაციის ინდუსტრიისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნა შესთავაზოს უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ.
ამის შესახებ The Telegraph იუწყება.
გამოცემის ცნობით, ანკორიჯში ტრამპის მიერ პუტინისთვის შეთავაზებულ წინადადებებს შორისაა რუსეთისთვის ალასკის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის გახსნა, რუსეთის ავიაციის ინდუსტრიისთვის გარკვეული სანქციების მოხსნა და პუტინისთვის უკრაინის ტერიტორიებზე იშვიათი მიწების მინერალებზე წვდომის მინიჭება, რომლებიც ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების მომზადებაში აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი მონაწილეობდა. ის სწავლობს ეკონომიკურ დათმობებს, რომელთა გაკეთებაც აშშ-ს შეუძლია რუსეთისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასაჩქარებლად.
მიიჩნევა, რომ უკრაინას მსოფლიო ლითიუმის მარაგების 10% აქვს, რომელიც ელემენტების წარმოებისთვის გამოიყენება.
მსოფლიოში ლითიუმის ორი უდიდესი საბადო რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს და პუტინმა ადრეც გამოთქვა პრეტენზია იქ მოპოვებულ ძვირფას მინერალებზე.
„არსებობს არაერთი სტიმული, მათ შორის მინერალების/იშვიათი მიწების შესახებ შესაძლო შეთანხმება“, - განუცხადა The Telegraph-ს წყარომ.
სხვა სტიმულებს შორისაა რუსული თვითმფრინავების მომსახურებისთვის საჭირო ნაწილებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნა.
2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა შეზღუდა რუსეთისთვის კრიტიკული ნაწილების მიწოდება, რამაც ფლოტის დიდი ნაწილის გაუარესება გამოიწვია.
რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონცერნ „როსტეკის“ ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის თქმით, რუსეთში დასავლური წარმოების თვითმფრინავების 30%-მდე შესაძლოა ხუთი წლის განმავლობაში ექსპლუატაციიდან გამოვიდეს.
ტრამპი ასევე განიხილავს რუსეთისთვის ბერინგის სრუტის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის მინიჭების საკითხს, რომელიც, სავარაუდოდ, ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვან აღმოუჩენელ მარაგებს შეიცავს.
წყაროებმა დიდი ბრიტანეთის მთავრობიდან The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ასეთი წახალისება შეიძლება ევროპისთვის მისაღები იყოს ვიდრე, ის რუსეთისთვის ჯილდოდ არ იქნება აღქმული.