დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, თუ სექტემბერში ისრაელი ღაზაში არსებულ კრიზისის მოსაგვარებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამს, გაერთიანებული სამეფო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
ამის შესახებ კირ სტარმერმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოიწვია, მთავრობის წევრებს აცნობა.
„ისრაელი თუ არ გადადგამს არსებით ნაბიჯებს ღაზაში სავალალო ვითარების დასასრულებლად, არ მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტას, ნათლად არ წარმოაჩენს, რომ არ იქნება დასავლეთ სანაპიროზე ანექსია და არ აიღებს ხანგრძლივ ვალდებულებას სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეფუძნება, გაერთიანებული სამეფო გაერო-ს გენერალურ ასამბლეამდე აღიარებს პალესტინას“, – განაცხადა სტარმერმა.