აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ვლადიმირ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებს. ამის შესახებ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.
ტრამპმა განაცხადა, „თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ მეორად სანქციებს დავაწესებთ“.
„არ მინდა რუსეთს ეს გავუკეთო. მე რუსი ხალხი მიყვარს, შესანიშნავი ხალხია. მაგრამ, მან [ვლადიმირ პუტინი] შეთანხმება უნდა დადოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ლოდინის საფუძველი არ არსებობს,
„ლოდინის საფუძველი არ არსებობს... მინდოდა, ამ 50 დღეში გულუხვი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, რუსეთისთვის მიცემულ 10 ან 12-დღიანი საბოლოო ვადის შესახებ განცხადებას დღეს ან ხვალ გაავრცელებს.
14 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.
„ჩვენ ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დაახლოებით 100%-იან ტარიფებს, მეორად ტარიფებს, თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.