რესპოდენტის შესახებ
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ სოხუმს სამხრეთ კავკასიის ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენელი პირეტ სემნები სტუმრობდა, რომელმაც აღნიშნა, რომ არაღიარების პოლიტიკის პარალელურად, აუცილებელია, სოხუმის რეჟიმთან პუმანიტარულ სფეროში თანამაშრომლობა დაიწყოს. აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ კი ღიად განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოს გვერდის ავლით ევროსაბჭოსთან ითანამშრომლებს.
აღნიშნულ და ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
- ბატონო მამუკა, იაკუბ ლაკობას დაკავებას აფხაზური ელიტა ბაღაფშის მიერ "წითელი ხაზის" გადაკვეთად აფასებს. როგორ აისახება ეს აფხაზეთში სოხუმის დღევანდელი რეჟიმის რეიტინგზე?
- აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება, ბაღაფშის ხელმძღვანელობით, იძულებულია ორცეცხლშუა იტრიალოს. ერთი მხრივ, იძულებულია, რუსეთს ზოგი რამ დაუთმოს, რადგან ხელს, რომელიც გაჭმევს, მოფერება უნდა. მეორე მხრივ კი, იძულებულია, გაუძლოს საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან შემოტევებს, ზოგს შემთხვევაში სამართლიანს და ზოგჯერ - უსამართლოს. მაგალითად: ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლი, თუნდაც რაულ ხაჯიმბას, ქმედებები წმინდა წყლის პოპულიზმია, რადგან 2004 წლის ე. წ. არჩევნებზე ყოველდღე სოჭში, სამთავრობო აგარაკზე დარბოდა პუტინთან და ხან რას სთხოვდა და ხან რას.
აფხაზეთში ოპოზიციონერობას ზოგი პოპულიზმისთვის იყენებს და ზოგს მართლა გული შესტკივა აფხაზი ეთნოსის ხვალინდელ დღეზე. საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ რუსეთისადმი დათმობა აფხაზი ერის გადაშენებასა და რუსეთის მიერ აფხაზეთის ხელში ჩაგდებას გამოიწვევს. მათი პოზიცია ცოტა გასაკვირია, რადგან ხელფასებსა და პენსიებს რუსეთისგან იღებენ და ისევ მათ ებრძვიან. ამ თვალსაზრისით, ისინი სასაცილოდ გამოიყურებიან.
რაც შეეხება თვითონ ლაკობას, მან სტეპაშინი ცუდი სიტყვებით "შეამკო" და რუსული პოლიტიკა გააკრიტიკა, ამიტომ ბაღაფშის ხელისუფლების მხრიდან ლაკობას დაკავება იყო გარკვეული ჟესტი, რომ მან რუსეთის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლის შეურაცხყოფაზე რეაგირება მოახდინა, მაგრამ დაკავება რომ სდომებოდა, უკან აღარ გამოუშვებდა.
თუმცა ლაკობას დაკავება ბაღაფშის მხრიდან შეცდომა იყო, თუნდაც მისი გვარის გამო, რადგან ლაკობები აფხაზეთში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ წინაპრის - ნესტორ ლაკობას გამო. ლაკობა აფხაზეთის ერთ-ერთ გმირად ითვლება. მას მიიჩნევენ ადამიანად, ვინც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, ამიტომ არ ღირდა მისი დაპატიმრება. მით უმეტეს, რომ მისი დაჭერით ერთი ჩვეულებრივი პარტიის ლიდერ ფიგურას დაუპირისპირდა, თუმცა მგონია, რომ ეს რუსეთის ზეწოლით მოხდა.
ასეთი ნაბიჯებით აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, რუსეთთან და მეორე მხრივ, საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ურთიერთობები დაარეგულიროს. რთული მდგომარეობაა შექმნილი, რაც ბაღაფშის ე. წ. მთავრობაზე უარყოფითად მუშაობს, მაგრამ ვინც არ უნდა მოივიდეს სეპარატისტულ ხელისუფლებაში, იძულებული გახდება, რუსეთის ინტერესებს ანგარიში გაუწიოს.
- სამხრეთ კავკასიაში ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ სემნების სოხუმში ვიზიტის დროს აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი ევროსაბჭოსთან საქართველოს გვერდის ავლით ითანამშრომლებს, რადგან ჰუმანიტარულ საკითხებში ევროპელების დახმარება სჭირდებათ. როგორ ფიქრობთ, ევროსტრუქტურების მხრიდან სეპარტისტებთან პირდაპირი თანამშრომლობა, თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებში, რამდენად გამართლებული იქნება?
- პიტერ სემნები ერთ-ერთ ავტორია პროექტისა "ჩართულობა აღიარების გარეშე", რომელიც, რომ გავშიფროთ, ნიშნავს - აფხაზეთმა რაც შეიძლება მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროპულ სტრუქტურებთან, მაგრამ აღიარებული სახელმწიფო არ იყოს. ევროპის პოლიტიკური ელიტის მოდგომა ასეთია - აფხაზეთი რაც შეიძლება ინტეგრირებული უნდა იყოს ევროპაში და მისი რუსეთისგან დისტანცირება უნდა მოხდეს.
ბაღაფშის ე. წ. ხელისუფლებისთვის ევროპასთან დაახლოება განსაკუთრებით ხელსაყრელია, რათა მანევრირების საშუალება ჰქონდეს და არ იყოს მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებული. ამიტომ სეპარატისტები თანახა არიან ისეთ პირობებზე, რასაც "ჩართულობა აღიარების გარეშე" ჰქვია.
რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლებას არ მოსწონს, როცა ევროპელები პირდაპირ კონტაქტობენ აფხაზებთან და მეორე მხრივ კულუარულად ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის რაღაცა ფორმით აღიარებაზე დაითანხმონ, რის არგუმენტადაც აფხაზეთის რუსეთის ორბიტიდან ჩამოშორებას ასახელებენ. მიმაჩნია, რომ ევროპის მხრიდან ეს არგუმენტი მანკიერი და არასწორია, რადგანაც ამით რუსეთს აფხაზეთს ვერ ჩამოაშორებენ.
რაც შეეხება გეგმას - "ჩართულობას აღიარების გარეშე" - სერიოზული მიდგომა და განხილვა სჭირდება, რადგან ყველაფერზე უარის თქმა იოლად შეიძლება. ამ კუთხით პოლიტიკური მიდგომები უნდა შევცვალოთ. რეალობიდან გამომდინარე, აფხაზეთის მიმართულებით სტრატეგიას ახლებურად მოფიქრება და გააზრება სჭირდება.
- აფხაზი სეპარატისტების საქართველოსგან გვერდის ავლით ევროსტრუქტურებთან კავშირის თავიდან ასაცილებლად, ევროპისთვის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში ჰუმანიტარული ღონისძიების განხორციელების შეთავაზება რამდენად შესაძლებელი იქნება?
- საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ევროპულ დონორებთან და ევროპულ სტრუქტურებთან ერთად უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ეს პროცესი დამუხრუჭებულია. ამ სტრატეგიას ისეთი სტარტი ჰქონდა აღებული, რომ მეგონა დღეს ან ხვალ დაიწყებოდა მის ამოქმედება.
თუმცა, სტრატეგიიდან გამომდინარე, რაშიც აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობა ხორციელდება, ერთ-ერთი სფერო ჯანდაცვაა. თანამშრომლობა გამოიხატება იმაში, რომ ქართულ საავადმყოფოებში მკურნალობენ აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეები, ეროვნებით აფხაზები და საქართველოს ხელისუფლება ექსტრემალურ სიტუაციაში გარკვეულ სამედიცინო დახმარებას უგზავნის, მაგრამ ჩვენ დელიკატურობის გამო ვცდილობთ, ეს არ იყოს ძალიან აფიშირებული. ეს არც აფხაზებს უნდათ და თან ჰგონიათ, რომ ამის თაობაზე რუსებმა არ იციან, არადა ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მიუხედავად ამისა, მაინც ამ დელიკატურ შეთანხმებას იცავენ.
ევროსტრუქტურებს კი აფხაზეთთან ნებისმიერ სფეროში პირდაპირ თანამშრომლობა სურთ. ვფიქრობ, არის სფეროები, სადაც შეიძლება იყოს პირდაპირ თანამშრომლობა დამყარებული, მაგრამ არის სფეროები, სადაც ეს დაუშვებელია. უარის თქმა ჩვენი მხრიდან მართებული არ იქნება, თუმცა არც ევროსტრუქტურების მხრიდან იქნება გამართლებული "ფეხების ბაკუნი" თავისი იდეების რელიზების მოთხოვნა. საკითხისადმი დიფერენცირებული მიდგომების დემონსტრირება და ვითარების სერიოზული ანალიზი უნდა მოხდეს.
- რაც შეეხება ბოლო დროს ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთში განხორციელებულ მოვლენებს... როგორ ფიქრობთ, "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარ და ახალი წლის ღამით მოსკოვში დაგეგმილ ტერაქტებში ჩრდილოკავკასიელების ხელი ურევია თუ მათ წინააღმდეგ კრემლის მხრიდან მიზანმიმართული პოლიტიკა ხორციელდება?
- თითქმის ეჭვი არ მეპარება, რომ "დომოდედოვოს" ტერაქტის კვალი, ხელწერისა და მოწყობის ადგილის თვალსაზრისითაც, ჩრდილოეთ კავკასიაში მიდის. რასაკვირველია, გარკვეული შანსი არის იმისა, რომ სხვას მოეწყო, რათა ჩრდილოკავკასიელებს დაჰბრალებოდათ, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩრდილოკავკასიის მიმართ კრემლის მხრიდან მიზანმიმართული კამპანია იყოს. იქ ყოველდღიური სამოქალაქო დაპირისპირებაა, ყოველდღე ხოცავენ ადამიანებს და აწყობენ ტერაქტებს, რასაც ფედერალური ხელისუფლება უაღრესად სასტიკი მეთოდებით პასუხობს, ამის ექო კი მოსკოვშიც შეიძლება გაისმას და რუსეთის სხვა ქალაქებშიც. ასე რომ, მიზანმიმართულობას ამ კუთხით მოსკოვის მხრიდან ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ იმ პოლიტიკის მანკიერებას, რასაც კრემლი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში ატარებს.
- ინგუშეთის პრეზიდენტ იუნუს-ბეკ ევკუროვის თქმით, ყველა ადამიანი, ვისაც იარაღი აქვს, კონტროლზეა აყვანილი, ამიტომ "დომოდედოვოში" ტერაქტის ორგანიზატორები უდუგოვისა და ზაკაევის მსგავსი ადამიანები არიან, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. როგორ ფიქრობთ, რამდენადაა შესაძლებელი, ტერაქტების ორგანიზებას საზღვარგარეთიდან ჩრდილოკავკასიური დიასპორა ხელმძღვანელობდეს?
- ასეთ შემთხვევაში, უნდა ავხსნათ, რატომ მოხდა ეს ტერაქტი მაინც და მაინც ამ დღეს. არის რამდენიმე ვარიანტი: არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მედვედევის დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამგზავრების წინ სპეციალურად მოწყობილი ტერაქტი, რათა რუსეთის პრეზიდენტი იქ უხერხულ მდგომარეობაში ყოფილიყო - როგორც პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელიც თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას წლების განმავლობაში ვეღარ იცავს. ეს ტერაქტი შეიძლება ყოფილიყო ისეთი მასშტაბური ღონისძიებების წინააღმდეგ მიმართული, როგორიცაა სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშები, 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი და სურდათ ამითი გაეფრთხილებინათ მსოფლიო საზოგადოება, რომ რუსეთში ყველა ადამიანი დაუცველია, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ტერაქტი აეროპორტის შენობაში მოხდა და გათვლილი იყო, რომ სხვა ქვეყნების მოქალაქეები დაზარალებულიყვნენ და ასეც მოხდა.
თუ ამ ტერორისტულ აქტს ასეთი ტიპის მიზანმიმართულ, თარიღებული ღონისძიებების საწინააღმდეგოდ განხორციელებულად აღვიქვამთ, მაშინ შესაძლებელია ემიგრაციაც მოქმედებს, ან შეიძლება დამკვეთი იყოს, მაგრამ შესრულებულია ადგილობრივების მიერ და კვალი მაინც ჩრდილო კავკასიაში მიდის.
- თუმცა ბოლო დროს მომხდარმა ტერაქტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს სერიოზული პრობლემები აქვს...
- სპეცსამსახურები, რომლის თანამშრომლების დიდი ნაწილი კორუმპირებულია, ეფექტურად ვერ იმუშავებენ. სხვათა შორის, რუსული სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტურობა არ არის დაბალი, რადგან ბოლო დროს იატაკქვეშეთის უამრავი წარმომადგენელი განადგურეს, მათ შორის მსხვილი ფიგურები და ზოგიერთის ცოცხლად აყვანაც კი მოახერხეს, მაგრამ ეს არის მათი მუშაობის ერთი მხარე. მეორე მხარე კი ის არის, რომ სპეცსამსახურებში არიან ადამიანები, რომლებიც ფულს იღებენ და ნებისმიერ რამეზე ხუჭავენ თვალს.
გავიხსენოთ თუნდაც ბესლანში მომხდარი ტრაგედია. მაშინ მილიციამ, რომლის წარმომადგენლებიც საგუშაგოზე იდგნენ, ის ჯგუფი უპრობლემოდ გაატარა. ასეთი რამ ხშირად ხდება ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე. სპეცსამსახურებში კორუმპირებული პირების არსებობა კი ფედერალური სამსახურებისა ნებისმიერ ნაბიჯს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
თუნდაც რუსლან უმაროვს არ სჭირდებოდა მთების გადავლა და საქართველოდან ან აზერბაიჯანიდან გასვლა, მას შეეძლო ჰქონოდა ყალბი პასპორტი, რომლითაც ძალიან მშვიდად გადავიდოდა მეზობელ რესპუბლიკაში, მაგალითად, ყაბარდო-ბალყარეთში ან ჩრდილო ოსეთში და იქიდან უკვე თვითმფრინავით მოხვდებოდა იტალიაში.
- როგორ ფიქრობთ, რატომ იყო წასული ჩეჩნების ერთ-ერთი საველე მეთაურის, დოკუ უმაროვის ძმა, რუსლან უმაროვი, იტალიაში? მით უმეტეს, რომ მისი დაკავების მიზეზების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება...
- ადამიანი 17 წლის განმავლობაში ტყეში ვერ იქნება. მაქვს უამარავი მაგალითი, რომლებაც ვერ გავახმაურებ, იმის თაობაზე, როცა ცნობილი მეთაურების ნაწილი გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისვენებს და მერე უკან ბრუნდება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდესაც დოკუ უმაროვი დაჭრილი იყო, თურქეთში მკურნალობდა. ასევე 90-იან წლებში ვაჰა არსანოვი, ჩეჩნეთის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და მასხადოვის მოადგილე - მან საქართველოში ოპერაცია გაიკეთა. საველე მეთაურების მხრიდან დროებითი თავის გარიდების მომენტები ვიცი ავსტრიაში, საფრანგეთში, განსაკუთრებით დანიაში და სხვა ქვეყნებში. ასეთი რამ ხდება და გასაკვირი არაფერია. როდესაც უაღრესად დაძაბული მდგომარეობა იყო, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, მათი ოჯახის წევრები ჰოლანდიაში აფარებდნენ თავს.
"ჯი-ეიჩ-ენი". ესაუბრა თამარ მამუკაშვილი