აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც მხარს დაუჭერენ BRICS-ის „ანტიამერიკულ პოლიტიკას“, დამატებით 10%-იან ტარიფს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა.
მისი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც BRICS-ის წევრებმა გააკრიტიკეს მისი სატარიფო პოლიტიკა, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთავაზებული რეფორმები.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეუერთდება BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას, დაექვემდებარება დამატებით 10%-იან ტარიფს. ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება. მადლობა ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!" - დაწერა ტრამპმა.
2009 წელს, BRICS-ის პირველ სამიტზე ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერები შეიკრიბნენ.
მოგვიანებით ბლოკს სამხრეთ აფრიკა რესპუბლიკა შეუერთდა, გასულ წელს კი მას ასევე შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ტრამპი დიდი ხანია აკრიტიკებს BRICS-ს, ალიანსს, რომელიც შეიქმნა წევრი ქვეყნების პოზიციების გასაძლიერებლად საერთაშორისო ასპარეზზე და შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპასთან დასაპირისპირებლად.
2024 წლის დეკემბერში ტრამპი უკვე დაემუქრა BRICS-ის ქვეყნებს ტარიფების დაწესებით და განაცხადა, რომ „ჩვენ ვაპირებთ დავაწესოთ მინიმუმ 100%-იანი ტარიფი იმ ბიზნესზე, რომელსაც ისინი შეერთებულ შტატებთან აწარმოებენ“.