აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და ირანმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ის ორივე მხარით „უკმაყოფილოა“.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ეს ისრაელმა და ირანმაც დაადასტურეს.
მოგვიანებით ისრაელმა ირანი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ტრამპმა განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო ირანით, მაგრამ „განსაკუთრებით ისრაელით“.
ტრამპმა ისრაელ-ირანის დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რითაც კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს, დაიცვას გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„მე უნდა დავამშვიდო ისრაელი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას .
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ისრაელმა „ბევრი ბომბი ჩამოაგდო, უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე“.
„ჩვენ გვყავს ორი ქვეყანა, რომლებიც იმდენ ხანს და იმდენად სასტიკად იბრძვიან, რომ არც იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ“, - დასძინა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს მოუწოდა, ირანზე თავდასხმა არ განეხორციელებინა.
„ისრაელო, ნუ ჩამოაგდებთ ამ ბომბებს. თუ ამას გააკეთებთ, ეს სერიოზული დარღვევა იქნება. ახლავე დააბრუნეთ თქვენი პილოტები სახლში“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.