პაკისტანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინოს. ამის შესახებ ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„პაკისტანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ოფიციალურად წარადგინოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე, ინდოეთ-პაკისტანის ბოლოდროინდელი კრიზისის დროს მისი გადამწყვეტი დიპლომატიური ჩარევისა და მნიშვნელოვანი ლიდერობის აღსანიშნავად“, - აღნიშნულია განცხადებაში..
მათი თქმით, ტრამპის „დიდი სტრატეგიული წინდახედულებისა და გამორჩეული სახელმწიფოებრივი ნიჭის“ წყალობით, შესაძლებელი გახდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის „დაძაბულობის დონის შემცირება“, „ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილება, რასაც შეიძლებოდა კატასტროფული შედეგები მოჰყოლოდა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მილიონობით ადამიანისთვის“.
6 მაისს ინდოეთმა განაცხადა ოპერაცია „სინდურის“ დაწყების შესახებ, ბაისარანის ველზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროები პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ესხმოდნენ თავს, საიდანაც ინდოეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა და იმართებოდა.
2025 წლის 10 მაისს პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის შესახებ განაცხადა. იმავე დღეს ინდოეთი და პაკისტანი სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ეს ვაშინგტონის შუამავლობით მოხდა.
„შეერთებული შტატების შუამავლობით წარმოებული ხანგრძლივი ღამის მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - დაწერა მაშინ ტრამპმა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ცოტა ხნის წინ უარყო ტრამპის მტკიცება, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეერთებული შტატების შუამავლობით იყო მიღწეული.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიკრამ მისრის თქმით, საომარი მოქმედებების დასრულების მოლაპარაკებები ინდოეთსა და პაკისტანს შორის უშუალოდ არსებული სამხედრო არხებით და პაკისტანის დაჟინებული მოთხოვნით მიმდინარეობდა.