აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ღელავს ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ომის დაწყების გამო ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის შემდეგ, - ამის შესახებ მან Reuters-ს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის „ცდილობს ირანი დამცირებისა და სიკვდილისგან იხსნას“ და რომ ქვეყნის ხელისუფლებას კვლავ შეუძლია შეერთებულ შტატებთან გარიგების დადება.
მისი თქმით, ვაშინგტონმა „ყველაფერი იცოდა“ ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის ოფიციალური პირები კვლავ გეგმავენ ირანელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრას 15 ივნისს შეთანხმებაზე მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდისთვის, თუმცა ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ შეხვედრა შედგება.
მანამდე, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას შეერთებულ შტატებთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში, რომელიც 15 ივნისს არის დაგეგმილი.
Reuters-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ გაურკვეველია, კვლავ აქვს თუ არა ირანს ბირთვული პროგრამა ისრაელის დარტყმების შემდეგ.
ამავდროულად, NBC News-თან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებმა თავდასხმის შემდეგ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მოითხოვეს.