აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინეს. ამის შესახებ ნათქვამია განკარგულებაში , რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კაწონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
თამარ ტალიაშვილი იყო თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. 2017 წლიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2018 წლიდან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; 2020-2022 წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.
2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.
აშშ-ში საქართველოს ბოლო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პოსტიდან 2024 წლის 30 ნოემბერს გადადგა.