გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირველ პირისპირ შეხვედრას ხუთშაბათს, 5 ივნისს, ოვალურ კაბინეტში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მერცმა და მისმა გუნდმა სხვა ლიდერებისგან მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა აირიდონს ტრამპთან შესაძლო კონფლიქტი.
მერცმა უკვე გადადგა რამდენიმე თამამი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი, რომელთა გამოყენებაც მას შეუძლია ტრამპის დასამშვიდებლად, მათ შორის ტრამპის მოთხოვნის მხარდაჭერა ნატო-ს მიზნობრივი ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდის შესახებ.
სააგენტოს მიერ გამოკითხული დიპლომატების თქმით, მან ასევე კოორდინაცია გაუწია ევროპელი ლიდერების ვიზიტს კიევში თანამდებობის დაკავებიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში.
„ეს აჩვენებს, რომ გერმანია მზადაა აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების წესრიგისთვის - ყველაფერი ის, რასაც შეერთებული შტატები წლების განმავლობაში ეძებდა და რასაც მიესალმებოდა“, - განაცხადა აშშ-ის გერმანული მარშალის ფონდის წარმომადგენელმა სუდა დევიდ-ვილპმა.
გერმანიის ამერიკული საბჭოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სტივენ სოკოლი მიიჩნევს, რომ მერცს და ტრამპს შეუძლიათ საერთო ენის პოვნა მათი ბიზნეს წარსულის, ცენტრისტული მემარჯვენე პარტიების წევრობის, არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლისა და გოლფისადმი საერთო სიყვარულის გათვალისწინებით.
„მათ შეუძლიათ ნათესაური კავშირის შეგრძნება“, - თქვა სოკოლმა.
ამავდროულად, სააგენტოს წყაროს ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კვლავ უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მერცმა ტრამპი 2024 წლის აშშ-ის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გააკრიტიკა.