აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო, იმ დროს, როცა აშშ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას ცდილობს.
ამავდროულად, ამერიკის ლიდერს კვლავ ეჭვი ეპარება, რომ ვლადიმირ პუტინი მას ატყუებს.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
შეკითხვაზე, საბოტირებს თუ არა კრემლის მეთაური უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობებს და ნამდვილად სურს თუ არა ომის დასრულება, ტრამპმა უპასუხა: „ვერ გეტყვით, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება, დაახლოებით ორ კვირაში გავიგებთ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა, თუ გვატყუებს, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება,“- განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი „ფენომენალურ სამუშაოს ასრულებს და ამჟამად ძალიან გადამწყვეტ მოლაპარაკებებს აწარმოებს“ რუსულ მხარესთან.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ რამდენიმე ღამის წინ მომხდარი მოვლენებით, როდესაც (უკრაინაში) ხალხი დაიღუპა იმ პროცესის შუაგულში, რომელსაც შეიძლება მოლაპარაკებები ვუწოდოთ. ამის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.