რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან ითხოვს წერილობით პირობას, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი გაუქმდება.
სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინის მოთხოვნაა დასავლეთის ლიდერებმა წერილობით დაადასტურონ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, რაც ოფიციალურად ნიშნავს ალიანსში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღების გამორიცხვას.
ასევე რუსეთის მოთხოვნებს შორის არის დასავლეთში რუსული გაყინული აქტივების საკითხის გადაჭრა,, უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა.
„პუტინი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
ამასთან, როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ მშვიდობის მიღწევა მისი პირობებით შეუძლებელია, ის ეცდება, უკრაინელებსა და ევროპელებს სამხედრო წარმატებებით აჩვენოს, რომ „მშვიდობა ხვალ კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“.