აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი ტარიფის დაწესების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ ტრამპი პლატფორმაTruth Social-ში წერს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უამრავ სავაჭრო ბარიერს აწესებს, მათ შორის დამატებით ღირებულების გადასახადს, ჯარიმებს ამერიკულ კორპორაციებზე, არასატარიფო შეზღუდვებს, ვალუტის მანიპულირებას და „უაზრო სასამართლო დავებს“, რაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის 250 მილიარდ დოლარზე მეტ წლიურ სავაჭრო დეფიციტს იწვევს.
ტრამპმა ამას „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები „არ მიმდინარეობს“ და ამიტომ საპასუხოდ, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ევროკავშირიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე 50%-იანი გადასახადის დაწესების წინადადებით გამოვიდა.
„რეკომენდაციას ვაძლევ, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი პირდაპირი ტარიფი დაწესდეს. ეს გადასახადი არ გავრცელდება შეერთებულ შტატებში წარმოებულ ან აწყობილ პროდუქტებზე“, - განაცხადა ტრამპმა.
