აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება შესაძლებელი გახდა „დიდწილად“ შეერთებული შტატების წყალობით და თქვა, რომ „ამერიკა ჩაერთო ამ ომში და მოიგო“.
„გამარჯვება ძირითადად ჩვენი დამსახურებით მოვიპოვეთ - მოგწონთ ეს თუ არა - ჩვენ შევედით ამ ომში და მოვიგეთ,“ - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს „დიდი დახმარება გაუწია მრავალმა შესანიშნავმა მოკავშირემ“.
„მაგრამ არ მგონია, ვინმემ თქვას, რომ ჩვენ არ ვიყავით დომინანტური ძალა იმ ომში“, - თქვა მან.
ტრამპის თქმით, 80 წლის წინ მტერი ამერიკულმა ტანკებმა, გემებმა, სატვირთო მანქანებმა, თვითმფრინავებმა და ჯარებმა დაამარცხეს.
„ამერიკის გარეშე გათავისუფლება არასდროს მოვიდოდა. ამიტომ, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გამარჯვება გვაჩუქეს,“ - განაცხადა ტრამპმა
მან დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა აღადგინა მშვიდობა და დაეხმარა ქვეყნებს აღდგენაში - „რაც სხვებმა დიდწილად არ გააკეთეს“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა „მილიონობით ადამიანი დაკარგა და ეს აბსოლუტურად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, არ არსებობდა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც ჩვენ“.
„ჩვენ მოვიგეთ ომი... მაგრამ ყველა ზეიმობდა, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა,“ - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, 8 მაისი სამუშაო დღედ დარჩება, რადგან „ჩვენ ისედაც ძალიან ბევრი დღესასწაული გვაქვს“.
შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ 8 მაისი, ხოლო პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ 11 ნოემბერი გამოაცხადა.