აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინას ყირიმის დაბრუნება ძალიან გაუჭირდება.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში ნორვეგიის პრემიერ -მინისტრ იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ტრამპის თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი „დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ტერიტორიაზე ვსაუბრობთ“.
„ისინი [უკრაინელები] იბრძოდნენ, მათ ბევრი ტერიტორია დაკარგეს.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიმუშაოთ უკრაინასთან. მაგრამ მათ დაკარგეს ბევრი ტერიტორია“, - დასძინა მან.
ამერიკის პრეზიდენტმა შემდეგ განმარტა თავისი პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით და თქვა, რომ ის „გადაცემული იქნა პრეზიდენტის, სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს“ 11 წლის წინ.
„მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არც გასროლა ყოფილა, არც ბრძოლა, არც არაფერი. ის მათ უბრალოდ გადასცეს. ახლა ამბობენ: "შეიძლება, რომ დაგვიბრუნოთ?" მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.