იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომს ეწვევა და ვიზიტის დროს ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც რომში ოფიციალური ვიზიტის მოწვევა მიიღო და ამ ვიზიტის დროს ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობასც განიხილავს“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.
შეგახსენებთ, ჯორჯია მელონი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შეხვდა.
მისი თქმით, ატლანტიკის ორ მხარეს შორის გარკვეული პრობლემები არსებობს და დროა, გამოსავლები ეძებონ.
„ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ და ვფიქრობ, რომ ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება. როცა დასავლეთზე ვსაუბრობ, უპირველესად, არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ სივრცეს. მე ვსაუბრობ ცივილიზაციაზე და მსურს ეს ცივილიზაცია უფრო ძლიერი გავხადოთ“, - თქვა მელონიმ.