საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება.
„რუსეთმა კვლავ უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს.
ასეთი თავდასხმები სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე მიუღებელია.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი არ ეძებს მშვიდობას“, - წერს კალასი.
შეგახსენებთ, 14 თებერვლის ღამით რუსული დრონი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავ საფარს დაეჯახა.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
„მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ასეთ ობიექტებზე თავდასხმა, ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიის ოკუპაცია და საომარი მოქმედებების ჩატარება ყოველგვარი შედეგების გათვალისწინების გარეშე, დღევანდელი რუსეთია. და ეს არის ტერორისტული საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.