შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტერიტორიულ პრეტენზიებს აცხადებს კანადის, დანიისა და პანამასთან მიმართებით.
ტრამპი აცხადებს, რომ კანადას შეერთებული შტატების 51-ე შტატად ხედავს, პანამის არხზე ამერიკის კონტროლის აღდგენას გეგმავს და სურს, ამერიკის შემადგენლობაში იხილოს ამჟამად დანიის შემადგენლობაში მყოფი კუნძული გრენლანდია.
აღსანიშნავია, რომ პანამის არხსა და გრენლანდიასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპს სამხედრო და ეკონომიკური ზომების გამოყენება არ გამოურიცხავს.
შეერთებული შტატების ისტორია მოიცავს ტერიტორიების შესყიდვისა და დაკავების რამდენიმე ეპიზოდს.
ლუიზიანის შესყიდვა
შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა იწყება 13 კოლონიის მიერ დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომობისგან თავის დაღწევით. 30 წელზე ნაკლებ დროში შეერთებული შტატების ტერიტორია გაორმაგდა.
1795 წელს ინდიელთა ტომებთან ომის შემდეგ, დაიდო გრინვილის შეთანხმება, რომლის მიხედვითად შეერთებულმა შტატებმა კონტროლი მოიპოვა დღევანდელი ოჰაიოს შტატის უმეტეს ნაწილზე. თანდათან გაიზარდა ტერიტორიები მდინარე მისისიპის აღმოსავლეთით. მაგრამ ყველაზე დიდი შენაძენი გაკეთდა 1803 წელს, როდესაც აშშ-მა საფრანგეთისგან ლუიზიანა შეიძინა.
1763 წელს საფრანგეთმა ლუიზიანა ესპანეთს დაუთმო. მდინარე მისისიპის დასავლეთით ტერიტორიას, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ თანამედროვე შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე, პარიზი არამომგებიანად მიიჩნევდა. რეალურად, ესპანეთს არასოდეს უსარგებლია ამ მიწებით და სამეფოსთვის დანახარჯების გარდა არაფერი მოუტანია. 1800 წელს ესპანეთმა ლუიზიანა ფრანგებს დაუბრუნა. 1803 წლისთვის ტერიტორია საბოლოოდ გადაეცა საფრანგეთს, რომელმაც ის სასწრაფოდ მიყიდა შეერთებულ შტატებს.
ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც იმ დროისთვის იყო არა იმპერატორი, არამედ რესპუბლიკის პირველი კონსული, ფიქრობდა, რომ ვერ შეინარჩუნებდა უზარმაზარ ზღვისიქითა ტერიტორიებს და მომგებიანი გარიგება დადო - 15 მილიონი დოლარი "უსარგებლო ტერიტორიისთვის". შედეგად, პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც აშშ-ს ერგო 2.1 მილიონი კვადრატული კილომეტრის მიწები, ანუ მთელ 13 კოლონიაზე დიდი ფართობი.
ფლორიდის შესყიდვა
მე-19 საუკუნის დასაწყისში ესპანეთმა განაგრძო პრობლემური ტერიტორიებისგან გათავისუფლება. ნაპოლეონის ომების დროს სამეფომ დაიწყო კონტროლის დაკარგვა სამხრეთ ამერიკაში მდებარე კოლონიებზე. პარალელურად, გრძელდებოდა არეულობა ფლორიდაში, 1818 წელს გენერალმა ენდრიუ ჯექსონმა (შემდგომში აშშ-ის მე-7 პრეზიდენტი) დაიკავა ორი ესპანური ფორტი, რათა თავიდან აეცილებინა სემინოლების ტომების თავდასხმები. საბოლოოდ, საფრანგეთის მაგალითის გათვალისწინებით, მადრიდმა ფლორიდის ამერიკისთვის მიყიდვა ამჯობინა. უფრო ზუსტად, ესპანეთმა ამერიკას ფლორიდა უსასყიდლოდ გადასცა. თუმცა შეთანხმებას, რომელსაც აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქუინსი ადამსმა (შემდეგში აშშ-ის პრეზიდენტი) მოაწერა ხელი, უამრავ პირობას შეიცავდა. მათ შორის, შეერთებული შტატები უარყოფდა ტერიტორიულ პრეტენზიებს ტეხასისა და ჩრდილოეთ ამერიკაში სხვა ესპანური კოლონიების მიმართ.
თვითგამოცხადებული ტეხასის რესპუბლიკა
დაპირება, რომ ტეხასის მიმართ პრეტენზიებს არ გამოაცხადებდა, სრულად არ შესრულდა. 1835 წელს ტეხასის ინგლისურენოვანი ჩასახლებულები აჯანყდნენ მექსიკის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ტეხასელების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მექსიკაში მონობის გაუქმება იყო. ექვს თვეში აჯანყებულებმა მოახერხეს სამთავრობო არმიის დამარცხება და მექსიკის პრეზიდენტ სანტა ანას ტყვედ ჩაგდება.
ანტონიო დე პადუა მარია სევერინო ლოპეს დე სანტა-ანა-პერეს დე ლებრონი, ცნობილია უბრალოდ, როგორც "სანტა-ანა" და "დასავლეთის ნაპოლეონი" - მექსიკელი სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი. საერთო ჯამში 22 წლის განმავლობაში მექსიკის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა 11-ჯერ.
1836 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტეხასის დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაფუძნების შესახებ, რის შედეგადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი დაუზუსტებელი სტატუსით დარჩა. შეერთებული შტატები ოფიციალურად არ ჩარეულა ომში ან რესპუბლიკის გამოცხადების შემდგომ სასაზღვრო შეტაკებებში, მაგრამ მოხალისე ჯარები გამუდმებით იგზავნებოდნენ ტეხასში.
1846 წელს აშშ-სა და ტეხასის მთავრობები შეთანხმდნენ გაერთიანებაზე, თანაბარუფლებიანობის პრინციპით. თუმცა, ტერიტორიის ამ უსისხლო გაფართოებამ გამოიწვია ომი მექსიკასთან.
მექსიკის მიწები
1846 წელს, ტეხასის შეერთების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის ურთიერთობები სწრაფად გაუარესდა. შეერთებული შტატები შეუდგა ომისთვის მზადებას, თუმცა პარალელურად ცდილობდა მექსიკის ტერიტორიები - კალიფორნია და ნიუ მექსიკო მოლაპარაკებების შედეგად შეესყიდა. ამერიკა კალიფორნიის შესყიდვისთვის 25 მილიონ დოლარს გადაიხდიდა, ნიუ მექსიკოსთვის კი 5 მილიონ დოლარს.
ამ პერიოდში, მექსიკაში მთავრობა შეიცვალა და ტერიტორიების გაყიდვის შეთავაზება შეურაცხყოფად მიიჩნია. ამის შემდეგ, კი მექსიკის ხელისუფლებამ ტეხასის შესახებ ტერიტორიული პრეტენზიები განაცხადა.
მექსიკის ძალები შევიდნენ სადავო ტერიტორიაზე და ჩაერთნენ საბრძოლო მოქმედებებში ამერიკულ პატრულთან, რის შემდეგაც, ამერიკის პრეზიდენტმა ჯეიმს პოლკმა კონგრესს აცნობა, რომ "მექსიკა შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და დაიღვარა ამერიკელთა სისხლი ამერიკის მიწაზე".
ომი მექსიკის არმიის სრული მარცხით დამთავრდა. ომის დასაწყისშივე, 1846 წლის აგვისტოში, შეერთებულმა შტატებმა დაიკავა კალიფორნია და ნიუ მექსიკო.
1848 წელს ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მექსიკამ ეს პროვინციები ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუთმო. ტეხასის ჩათვლით, მექსიკამ დაკარგა თავისი ტერიტორიების ნახევარზე მეტი.
შეერთებულ შტატებში ბევრი პოლიტიკოსი ეწინააღმდეგებოდა მექსიკასთან ომში. გენერალი ულისეს გრანტი მოგვიანებით იტყვის, რომ 1861-1865 წლების სამოქალაქო ომი იყო "სასჯელი ცოდვების" გამო და მექსიკის ტერიტორიის დაკავების შედეგი.
ალასკის შესყიდვა
რუსი ვაჭრები იყვნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც დაიწყეს კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტერიტორიის შესწავლა. 1799 წლიდან ალასკას მართავდა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი რუსულ-ამერიკული კომპანია.
რუსეთის იმპერიამ იცოდა, რომ ალასკა მდიდარი იყო ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ ასევე აღიარებდა, რომ ტერიტორიის შენარჩუნება ადვილი არ იქნებოდა.
"ჩრდილო-ამერიკული შტატები აუცილებლად გავრცელდება მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში და შეუძლებელია დავივიწყოთ, რომ ადრე თუ გვიან, მოგვიწევს მათთვის ჩრდილოამერიკული საკუთრების დათმობა", - წერდა აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორი მურავიოვ-ამურსკი 1853 წელს.
ერთი წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის იმპერიას ალასკის ყიდვა შესთავაზა. გარიგება დასრულდა 1867 წელს - რუსეთმა მიიღო 7.2 მილიონი დოლარი ტერიტორიისთვის, რომელის 1.5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რუსეთმა ამ თანხის უმეტესი ნაწილი საკუთარი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დახარჯა.
ესპანეთის კუნძულები
1898 წელს შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა კუბელ აჯანყებულებს დახმარებოდა. მაშინ კუბა ესპანეთის კოლონია იყო. ამერიკელი მოხალისეთა რაზმები გაგზავნეს კუბისკენ საბრძოლო ხომალდით. აფეთქება, რომელმაც გაანადგურა ხომალდი (თანამედროვე ისტორიკოსები თვლიან, რომ აფეთქება გარე გავლენის გარეშე მოხდა) ომის საბაბი გახდა.
შეერთებულმა შტატებმა გაიმარჯვა ომში და 1898 წელს, პარიზში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიიღო კუბა, პუერტო რიკო, ფილიპინები და გუამი. კუბამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1902 წელს, მაგრამ დარჩა ამერიკის გავლენის ქვეშ; ფილიპინებმა დამოუკიდებლობა 1946 წელს გამოაცხადა. პუერტო რიკო და გუამი არ გამხდარან აშშ-ის შტატები, მაგრამ რჩებიან ამერიკის შემადგენლობაში.
ჰავაის კუნძულების დაკავება
XIX საუკუნის ბოლომდე ჰავაი დამოუკიდებელი სამეფო იყო. 1893 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, კუნძულებზე გადატრიალება მოხდა. დედოფალი ჩამოაგდეს, მონარქია შეცვალა რესპუბლიკამ და შეერთებულ შტატებთან შეერთების მომხრეები მოვიდნენ მთავრობაში.
ესპანეთ-ამერიკის ომის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა უილიამ მაკკინლიმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ჰავაის ანექსიის შესახებ. ორი წლის შემდეგ კუნძულებმა მიიღეს თვითმმართველი ტერიტორიის სტატუსი და 1959 წელს ჰავაი გახდა შეერთებული შტატების 50-ე შტატი.