შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილის, მირზა კეზევაძის მაგნიტსკის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მილერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესებას.
შეერთებული შტატები დღეს სანქციებს აწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მირზა კეზევაძის მიმართ, გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად დამატებით ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამდებობის პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და ასევე მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით. მათ შორის იძულების ან დაშინების გარეშე ხმის მიცემის უფლებაზე.
დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო მოქმედებებს, აფართოებს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სექტემბერში დაწესდა საქართველოს ოფიციალურ პირებზე და ავსებს გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ქმედებებს.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ პასუხისმგებლობის ხელშეწყობას, ვინც თანამონაწილეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს. სახაზინო დეპარტამენტის ქმედებები განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანების 13818 შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის დამნაშავეებს მთელ მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სახაზინო პრესრელიზი. სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯები სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად გადაიდგა იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 212(a)(3)(C) ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის შესაბამისად", - განაცხადა მილერმა.