რუსეთის საგარეო დაზვერვამ მიზნად დაისახა, ქაოსი დათესოს ბრიტანეთისა და ევროპის ქუჩებში. განაცხადა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის (MI5) ხელმძღვანელმა, კენ მაკკალუმმა 8 ოქტომბერს, ლონდონში ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.
მაკკალუმის სიტყვით გამოსვლის ტექსტი MI5-ის პრესსამსახურმა გაავრცელა.
"ჩვენ ვნახეთ ხანძრის გაჩენა, დივერსია და სხვა საშიში ქმედებები", - თქვა მაკკალუმმა რუსული ოპერაციების დეტალების გამჟღავნების გარეშე.
მისი თქმით, რუსეთის დაზვერვა "ქაოსის დათესვის მისიის" შესასრულებლად იძულებულია, მიმართოს კრიმინალური წრეების წარმომადგენლებსა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რადგან ბევრი ჯაშუში, რომლებიც რუსეთის საელჩოებში მუშაობდნენ, გაძევებულნი არიან მასპინძელი ქვეყნების მიერ.
მაკკალუმის თქმით, დიდი ბრიტანეთი ახლა თავის ისტორიაში "ყველაზე რთული და ურთიერთდაკავშირებული" საფრთხის წინაშე დგას ისეთი ქვეყნების ქმედებების გამო, როგორიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი, ისევე როგორც ტერორისტული ორგანიზაციები.
მან ასევ აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვრიდან ბრიტანულმა კონტრდაზვერვამ და პოლიციამ მოახერხეს ირანის მხარდაჭერით ორგანიზებული 20 შეთქმულების გამოვლენა. მისი თქმით, ჩინეთის სადაზვერვო სამსახურები ძირითადად სამრეწველო და სამეცნიერო ჯაშუშობით არიან დაკავებულნი.