ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდ ლუკაშენკამ მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ სურს "დსთ-ის ოჯახის" თავდაპირველი შემადგენლობით აღდგენა.
"ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა აღადგენს სრულ მონაწილეობას, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია", - ციტირებს ლუკაშენკას სიტყვებს ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა".
ლუკაშენკას თქმით, წევრმა ქვეყნებმა უნდა დააფასონ ის, რაც აქვთ თანამეგობრობაში.
"ყველა, ვინც არ დაშორებულა ჩვენს თანამეგობრობას, დღეს კარგ შედეგებს აჩვენებს. მათ არ დაუკარგავთ კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და რჩებიან საერთაშორისო ურთიერთობების სრულფასოვან სუბიექტებად", - განაცხადა მან.
მანამდე, ლუკაშენკამ თქვა, რომ საქართველოს დასავლეთი დაპირებებით ავსებს და მათ დსთ-ს ბაზარზე დაბრუნება უნდათ, "რადგან არავინ შეგიშვებთ მათ [დასავლეთის] ბაზარზე რძით, ხორცით ან ღვინით".
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო უკვე დაშორებულია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, "იქ ახალგაზრდები უფრო ხშირად საუბრობენ ინგლისურად, ვიდრე რუსულად".
საქართველომ დსთ-ს დატოვება 2008 წლის ომის შემდეგ გადაწყვიტა. მისი წევრობა ოფიციალურად შეწყდა 2009 წლის 18 აგვისტოს.