ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმებით, რომ მან უკვე წინმსწრები ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ აქტიურად ამ საკითხზე მსჯელობა. ახლა მთავარია, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე მოვიპოვოთ გამარჯვება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ შეხვედრაზე არის ის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ისევე მყარად სწამს, სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, როგორც თითოეულ ჩვენგანს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოს პრეზიდენტის მოლოდინია, რომ დიახ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ იტყვის კი ევროპას! ეს არის მთავარი, რაც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.
რაც შეეხება კოალიციური მთავრობის საკითხს, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დაუშვებელია ამ ისტორიული არჩევნების შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რაიმე სახელისუფლებო ვაკუუმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმებით იმას, რომ მან უკვე წინმსწრები ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ აქტიურად ამ საკითხზე მსჯელობა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კონკრეტულ სახელ და გვარებზე ამ ეტაპზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. ახლა მთავარია გამარჯვების მოპოვება და ეს გამარჯვება უნდა მოიპოვონ პოლიტიკურმა პარტიებმა ქართველ ხალხთან ერთად, რისთვისაც აუცილებელია ძალიან აქტიური კამპანია.
არის საკითხები რომელზეც აპრიორი ვთანხმდებით, არ მინდა წინ მოვლენებს გავუსწრო. მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური და პრეზიდენტის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ კოალიციურ მოლაპარაკებებში და ეს მოლაპარაკებები აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს უმოკლეს დროში.
ჩვენ ასევე გავუზიარეთ პრეზიდენტს ჩვენი სურვილი, რომ შევხვდეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჩვენი მომავალი კოალიციური პარტნიორები იქნებიან. ამ საკითხზეც მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შეთანხმება არსებობდეს. მნიშვნელოვანია კონსენსუსი, მნიშვნელოვანია შეთანხმება და საქართველოს მოქალაქეებისთვის რწმენის გაჩენა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენ შეგვიძლია საერთო ინტერესებისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.