თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ისრაელის შემდეგ საქართველო მეორე ქვეყანა იყო, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჰქონდა შტატებისგან. მისივე თქმით, ეს იყო შედეგი იმ მაღალი ნდობის და რეპუტაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა.
მისი თქმით, ამ რეპუტაციის და ნდობის აღდგენას სტრატეგიულ პარტნიორებთან დიდი დრო დასჭირდება.
„ისრაელის შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჰქონდა ჯამურად შტატებისგან. ეს იყო შედეგი რა თქმა უნდა, იმ ძალიან მაღალი ნდობის და რეპუტაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა. კი ბატონო გვიჭირდა, კი ბატონო, ღარიბი სახელმწიფო ვიყავით, კი ბატონო, პრობლემები გვქონდა აგრესიულ მეზობელთან, მაგრამ ეს სახელმწიფო იმსახურებდა იმ მხარდაჭერას და პოლიტიკური კაპიტალის გაწირვას მისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აძლევდა. დღეს ეს დადგა ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე. ჩვენ რეპუტაცია შეგვილახა "ქართულმა ოცნებამ", როგორც ქვეყანას. "ქართული ოცნება" ძალიან მალე შეიცვლება, მაგრამ ამ რეპუტაციის და ნდობის აღდგენას გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ეს 26 ოქტომბერი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ტვ პირველის ეთერში.
საქართველო ევროკავშირის 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად დაკარგავს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.