გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შაბათს, 12 ოქტომბერს ბერლინში უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებზე შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს უმასპინძლებს, ამის შესახებ Bloomberg გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
გერმანელი მაღალჩინოსნის თქმით, შოლცი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გაემგზავრებიან აშშ-ის რამშტაინის საავიაციო ბაზაზე დამატებითი მოლაპარაკებებისთვის 20-მდე სხვა ლიდერთან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და იტალიის, პოლონეთის და კანადის პრემიერ-მინისტრებთან ერთად.
მისი თქმით, აქცენტი გაკეთდება გზავნილზე, რომ სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა კიევის მთავრობისთვის გაგრძელდება, ისევე როგორც უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის გზების ძიებაზე.
ამასთან, გერმანელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ გერმანია, შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარების უმსხვილესი მიმწოდებელი, ასევე, სავარაუდოდ, შეხვედრაზე დამატებით პაკეტს გამოაცხადებს.