ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა უკრაინაში რეგულარული ჯარები გაგზავნოს რუსეთის მხარდასაჭერად, განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ იონგ ჰენნმა პარლამენტში გამოსვლისას.
თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელსაც რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ხელი ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს მოაწერეს.
შეთანხმება ითვალისწინებს ორივე მხარის ვალდებულებას, რომელიმე მათგანზე თავდასხმის შემთხვევაში, სამხედრო დახმარების გაწევაზე.
„რადგან რუსეთმა და ჩრდილოთ კორეამ სამხედრო ალიანსის მსგავსი ურთიერთშეთანხმება გააფორმეს, ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯარების გაგზავნის ალბათობა, ძალზედ მაღალია“, - თქვა თავდაცვის მინისტრმა.
კიმ იონგ ჰემნა ასევე განაცხადა, რომ ინფორმაცია დონეცკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ექვსი ჩრდილოეთ კორეელი ოფიცრის დაღუპვის შესახებ, სავარაუდოდ, სიმართლეს შეესაბამება.
19 ივნისს ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც ავალდებულებს ორივე ქვეყანას დაეხმარონ ერთმანეთს აგრესიის შემთხვევაში. პუტინის თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას, მიუხედავად გაეროს მოქმედი სანქციებისა, რომლებიც ამას კრძალავს.
20 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ გეგმავს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ჩართვას უკრაინასთან ომში და აღნიშნა, რომ „ამის საჭიროება არ არსებობს“.