საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, რომლებიც მიწოდებამდე უახლესი ელექტრონული მექანიზმებითა და საბრძოლო საშუალებებით აღიჭურვება. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, განახლებული მოიერიშეების მიწოდება 2025 წლის პირველი ნახევრისთვის იგეგმება.
როგორც ლეკორნუმ თქვა, საბრძოლო თვითმფრინავების მოდერნიზაციის სამუშაოები ჟირონდში, კაზოს საავიაზიო ავიაბაზაზე მიმდინარეობს.
„გამოწვევაა ავიაგამანადგურებლების აღჭურვა უახლესი ელექტრონული საშუალებებით და მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია პილოტებისა და ტექნიკოსების მომზადება, რომელიც გრძელდება ნანსში“, - განაცხადა ლეკორნუმ.
გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამ წლის ივნისში განაცხადა.
Mirage 2000 არის მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა ფრანგული კომპანია Dassault-ის მიერ 1970-იან წლებში. იგი გახდა ფრანგული ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსახურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.