ანექსირებულ ყირიმში, საპორტო ქალაქ ფეოდოსიაში ნავთობის საცავში ხანძარი, რომელიც 7 ოქტომბერს უპოლოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად გაჩნდა, ჯერ კიდევ მძვინვარებს.
ფეოდოსიის ე.წ. მერმა, იგორ ტკაჩენოკომ განაცხადა, რომ გრძელდება მუშაობა ხანძრის ლიკვიდაციისთვის და „ადგილზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ტკაჩენკოს განცხადებით, „საგანგებო სიტუაციის ადგილის მახლობლად“ მცხოვრები დაახლოებით 1047 ადამიანი დროებითი განთავსების ცენტრებში გადაიყვანეს.
ფეოდოსიაში ნავთობის საცავს უკრაინული დრონები 7 ოქტომბერს დაესხნენ თავს.
ნავთობის საცავი ფეოდოსიაში, რომელიც დრონების თავდასხმის ქვეშ მოექცა, ყველაზე დიდია ყირიმში ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობის თვალსაზრისით. მისი რეზერვუარების მოცულობა 250 ათასი კუბური მეტრია. რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე სულ ორი ასეთი ტერმინალია. მეორე მდებარეობს სევასტოპოლში.
უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა ამ ობიექტს მარტშიც შეუტიეს. შედეგად, საწვავის ამოტუმბვის მთავარი მილსადენი დაზიანდა. ამავე ტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა 2023 წლის დეკემბერსა და ნოემბერში.