10-13 ოქტომბერს გერმანიაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
„ეს ვიზიტი ხაზს გაუსვამს ჩვენს ღრმა ერთგულებას და მტკიცე მხარდაჭერას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ. საუბარი უკრაინასა და უკრაინის თავდაცვაზე - ეს იქნება ამ ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი: ამ მხარდაჭერის გაგრძელება, ყველა შესაძლო მოქმედების გაგრძელება რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
მან აღნიშნა, რომ გერმანიაში საუბრის ნაწილი ასევე დაეთმობა „ნატო-ს ვალდებულებების შესრულებაში წვლილის გაგრძელებას“: „რადგან ჩვენ ვხედავთ, თუ რა ხდება უკრაინაში, ვხედავთ რუსეთის აგრესიას, ამიტომ საუბარი ამ საკითხზე მნიშვნელოვანია,” - თქვა ჟან-პიერმა.
ჟან-პიერმა ასევე ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობას იმას, რაც მან შეძლო ნატო-ს გასაძლიერებლად ისე, რომ 50-ზე მეტ ქვეყანას მხარი დაეჭირა უკრაინისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მისი თქმით, ეს ვიზიტი ასევე იქნება "ამერიკისა და გერმანიის პარტნიორობის მძლავრი სიმბოლო... მსოფლიოს ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა უსაფრთხოებისა და აყვავებისთვის".
როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზეა ნათქვამი, 2024 წლის 12 ოქტომბერს გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ბაიდენი უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას რამშტაინის ფორმატში.
გერმანიაში ასევე იგეგმება აშშ-ის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.