რუსეთის ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემ OPTIMA-ს.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი უკრაინელი და დაშავდა უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე.
„რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ ცდილობენ ჩაშალონ უკრაინის მარცვლეულის დერეფნის მუშაობა“, - დაწერა მან ტელეგრამ-არხზე.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლექსი კულებამ აღნიშნა, რომ ეს არის მეორე სამოქალაქო გემი ოდესის რეგიონის პორტებში, რომელზეც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავდასხმა განხორციელდა.
”ამ გზით, აგრესორი ცდილობს კვლავ გაანადგუროს შავ ზღვაში ნაოსნობა და ძირი გამოუთხაროს უკრაინის ძალისხმევას სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად”, - თქვა კულებამ.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ასეთი თავდასხმების შედეგი შეიძლება იყოს არასტაბილურობის გაზრდა რეგიონებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სურსათის იმპორტზე.