უკრაინა რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას არ გაახანგრძლივებს 2025 წლის ვადის გასვლის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება დენის შმიჰალმა სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შმიჰალის განცხადებით, უკრაინის სტრატეგიული მიზანია რუსულ გაზზე სანქციების დაწესება და კრემლისთვის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა.
„ჩვენ გვესმის ზოგიერთი სახელმწიფოს, კერძოდ სლოვაკეთის მწვავე დამოკიდებულება ამ რესურსზე. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს მარაგების ეტაპობრივ დივერსიფიკაციაზე“, - აღნიშნა შმიჰალმა.
ამასთან, შმიჰალის თქმით, უკრაინა მზადაა განაგრძოს თავისი ვალდებულებების შესრულება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების შესაბამისად.