ანექსირებულ ყირიმის საპორტო ქალაქ ფეოდოსიაში ნავთობის საცავი იწვის.
ქალაქის ადმინისტრაციის ე.წ. მეთაურის, იგორ ტკაჩენკოს განცხადებით, ნავთობის საცავში ძლიერი ხანძარი 7 ოქტომბერს, ღამით გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება.
ტელეგრამარხ Astra-ს ინფორმაციით, ფეოდოსიაში ნავთობის საცავს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს.
სხვა ცნობებით, ღამით ყირიმში თავს დაესხნენ საკისა და ბელბეკის სამხედრო აეროდრომებსაც.
ნავთობის საცავი ფეოდოსიაში, რომელიც დრონების თავდასხმის ქვეშ მოექცა, ყველაზე დიდია ყირიმში ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობის თვალსაზრისით. მისი რეზერვუარების მოცულობა 250 ათასი კუბური მეტრია. რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე სულ ორი ასეთი ტერმინალია. მეორე მდებარეობს სევასტოპოლში.
უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა ამ ობიექტს მარტშიც შეუტიეს. შედეგად, საწვავის ამოტუმბვის მთავარი მილსადენი დაზიანდა. ამავე ტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა 2023 წლის დეკემბერსა და ნოემბერში.