ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი რუბენ ბრეკელმანსის განცხადებით, ამსტერდამის მიერ უკრაინისთვის გადაცემული F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები უკვე უკრაინაშია.
"შემიძლია საჯაროდ განვაცხადო, რომ ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია უკრაინაშია", - დაწერა მან სოციალურ ქსელში 6 ოქტომბერს.
როგორც ჩანს, ავიაგამანადგურებლებთან ერთად, უკრაინაში თავად მინისტრი ბრეკემლანსიც ჩავიდა. ამ ვიზიტის შესახებ წინასწარ არაფერი იყო ცნობილი. უკრაინაში ვიზიტისას ბრეკელმანსმა ხარკოვი და კიევი მოინახულა.
ბრეკელმანსის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასწრაფოდ ესაჭიროება ავიაგამანადგურებლები. მისი თქმით, დანარჩენი 24 საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინას უახლოეს თვეებში გადაეცემა.
კიევში ვიზიტისას ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინასთან ერთად, მოწინავე დრონების განვითარებაში, 400 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
"ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებზე, როგორ სადაზვერვო და თავდაცვითი, ასევე თავდასხმით დრონებზე, რადგან ვხედავთ, რომ უკრაინას თავდასხმითი დრონები სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად ესაჭიროებ", - თქვა მან.
ნიდერლანდების სამეფოს ავიაგამანადგურებლების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ნიდერლანდებმა აიღო ვალდებულება უკრაინას ჯამურად 10 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიოს, საიდანაც 4 მილიარდი ევრო უკვე დახარჯულია.