თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 10 ოქტომბერს ისრაელელი პიანისტის ასაფ კლაინმანის კონცერტს უმასპინძლებს. მრავალი ჯილდოს მფლობელი პიანისტი შეასრულებს ბახი/ბუზონის, ბეთხოვენის და შუმანის ნაწარმოებებს.
ღონისძიება ერთი წლის წინ, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში ტერორისტთა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.
ასაფ კლაინმანი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი და კომპოზიტორია. როგორც „იერუსალიმ პოსტი“ წერდა, მას შესწევს უნარი, ერთნაირად მოაჯადოოს როგორც მსმენელი, ისე კრიტიკოსები.
2004 წლის მოსკოვის მუსიკალურ ფესტივალზე დებიუტიდან, იგი რეგულარულად მართავს სოლო კონცერტებს, თანამშრომლობს სიმფონიურ თუ კამერულ ორკესტრებთან და კამერულ ანსამბლებთან. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალში. კლაინმანის ვრცელი რეპერტუარი მოიცავს უამრავ ნაწარმოებს ადრეული ბარაკოდან 21-ე საუკუნის მუსიკამდე.
ასაფ კლაინმანი დაინტერესებულია კომპოზიციით. იგი აქტიურად თანამშრომლობს როკ და ფოლკ მუსიკოსებთან. მას შექმნილი და ჩაწერილი აქვს მრავალი საორკესტრო, კამერული და სოლო ნაწარმოები. კლაინმანი არის არაჩვეულებრივი იმპროვიზატორი და აღიარებული, როგორც ფენომენი ამ სფეროში.
ასაფ კლაინმანი დაიბადა ისრაელში. ფორტეპიანოსა და კომპოზიციის სწავლა 7 წლის ასაკში დაიწყო. ისრაელში მის მასწავლებლებს შორის იყვნენ ემანუელ კრასოვსკი და ანდრე ჰაიდუ. მან ლეგენდარული პიანისტის დიმიტრი ბაშკიროვის ხელმძღვანელობით დაამთავრა მადრიდის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი.
ასაფ კლაინმანი არის „ისრაელის სახლის“ (დამფუძნ. იციკ მოშე) წევრი და მისი ღონისძიებების აქტიური მონაწილე.
ისრაელელი პიანისტის კონცერტს (20.00 სთ) კონსერვატორიის მცირე დარბაზი უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.