მედიაკოალიცია გამოეხმაურა ტელეკომპანიების "მთავარი არხის", "ფორმულისა" და "პირველის" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ტელეარხებმა უარი თქვეს "ქართული ოცნების" წინასააჩევნო ვიდეორგოლების განთავსებაზე.
მედიაკოალიციის განცხადებით, დამოუკიდებელი მედია საშუალებების მიმართ ოცნების პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.
"ქართული ოცნების პროპაგანდა, რომელიც უკრაინელი ხალხის ღირსების შემლახველია, მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა. მძიმე ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მედია საშუალებების იძულების მიზნით, დაემორჩილონ და გაავრცელონ ნარატივი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს", - წერია განცხადებაში.