2024 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ქ. თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, ნათია უჩავა გახდა.
გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის" ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა.
კონკურსი, ლიბერთი ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით მერვედ ჩატარდა და საუკეთესო ათეულის წევრები ლიბერთი ბანკმა ტრადიციულად წელსაც დააჯილდოვა.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი; სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize" ნაწილია.