ირანის უზენაესმა ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი პარასკევის ლოცვაზე პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა ისრაელზე ბოლო მასირებული სარაკეტო დარტყმის შესახებ.
მისი თქმით, ქვეყანა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში გაიმეოროს მსგავსი ქმედებები, წერს Associated Press.
"თუ საჭირო იქნება, ჩვენ კვალვ განვახორციელებთ დარტყმებს" - თქვა მან.
მედია განმარტავს, რომ ხამენეიმ ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმას ირანის შეიარაღებული ძალების "ბრწყინვალე" მუშაობა უწოდა. ამ იერიშის დროს ირანმა 180-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
ირანის 85 წლის უზენაესმა ლიდერმა თეირანის მოსალას მეჩეთში ათასობით ადამიანის წინაშე 40-წუთიანი სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმა იყო „პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური აქტი."
მისი თქმით, სამშაბათს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა, „ეფუძნებოდა საერთაშორისო კანონს, ქვეყნის კანონებს და ისლამურ შეხედულებებს“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხამენეიმ მოუწოდა ქვეყნებს „ავღანეთიდან იემენამდე და ირანიდან ღაზამდე და იემენამდე“ მზად იყვნენ მტრის წინააღმდეგ ერთიანი მოქმედებისთვის.
„ლიბანსა და პალესტინაში მამაცო მებრძოლებო, ერთგულო და მომთმენნო ხალხნო, ამ მოწამეობამ და დაღვრილმა სისხლმა არ უნდა შეარყიოს თქვენი გადაწყვეტილება, არამედ მან უნდა გაგხადოთ კიდევ უფრო მტკიცე“, - თქვა ხამენეიმ.
მედია წერს, რომ ბოლოს მან პარასკევის ლოცვაზე ისაუბრა რევოლუციის გვარდიის გენერალ ქასემ სოლეიმანის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც 2020 წელს მოკლეს ბაღდადში ამერიკული დრონით დარტყმის შედეგად.