ნატო არ ჩამოაგდებს რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის თავზე, როგორც ამას აკეთებს ისრაელში, რადგან ეს „ორი ძალიან განსხვავებული ლანდშაფტი და ბრძოლის ველია“ და ეს გამოიწვევს „ომში ჩაბმას“. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ორ ძალიან განსხვავებულ ლანდშაფტზე და ბრძოლის ველზე. პრეზიდენტმა თავიდანვე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ამ დეპარტამენტს დაავალა მიეწოდებინა უკრაინისთვის ის, რაც მას სჭირდებოდა ბრძოლის ველზე“ - თქვა სინგჰმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ძალიან წარმატებულად იყენებს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სხვა შესაძლებლობებს, რათა გააგრძელოს თავისი ტერიტორიის დაბრუნებისთვის ბრძოლა.
სინგჰმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ერევა უკრაინაში მიმდინარე ომში, მაგრამ მხარს უჭერს უკრაინას მისი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნების მცდელობებში.
კითხვაზე, ჩაითვლება თუ არა პოლონეთის ან რუმინეთის ტერიტორიიდან სამიზნეების დარტყმა შეჭრად, სინგმა დაადასტურა, რომ „ეს სხვაგვარად ჩაგვაბამდა ომში“.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ „შეძლო წარმატებით დაეცვა თავი რუსეთის თავდასხმებისგან მის ქალაქებზე, მის მოსახლეობაზე, მის ინფრასტრუქტურაზე“ და დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.